- ევქარისტია
- ანუ ლიტურგია (ჟამისწირვა). იგულისხმება სისხლიანი მსხვერპლის ნაცვლად უფლისადმი შემუსრვილი სულისა და გულის ძღვნა. ამის გამო ევქარისტიას ,,უსისხლო მსხვერპლის შეწირვასაც“ უწოდებენ, რაც აღესრულება საზოგადო მსახურების ანუ ლიტურგიის შედეგად. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი, - პური და ღვინო, რომელიც მოაქვთ მორწმუნეებს განწმენდილ სინდისთან და ლოცვასთან ერთად. ამ პურს, საგანგებოდ გამომცხვარს, უწოდებენ სეფისკვერს, ე.ი. სამეუფო (სამეფო) კვერს, ხოლო ღვინოს -ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი მართლმადიდებელი ქრისტიანები წყალს შეურევენ მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად. ესაა ,,კვეთა“, რაც უდრის ბერძნულ ,,პროსკომიდიას“ - წინადაგებას. იგი წინაუძღვის ლიტურგიას და ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ წინადაგებული ძღვენი (პური და ღვინო) გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე (მაგიდაზე) და იწყება წირვა ანუ უსისხლო მსხვერპლის გადაარსება იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად.Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
Georgian encyclopedia. 2013.